უნგრეთში დღეს პარლამენტის და მთავრობის არჩევნები ტარდება

უნგრეთში დღეს ახალ პარლამენტს და მთავრობას ირჩევენ. სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, გამარჯვებას მოქმედი პრემიერი და მისი პარტია „ფიდესი“ მოიპოვებს. მას მხარს ამომრჩეველთა 46% უჭერს.

ვიქტორ ორბანი უკვე 8 წელია, უნგრეთის მთავრობის მეთაურის პოსტს იკავებს. ის ცნობილია თავისი ხისტი დამოკიდებულებით მიგრანტების მიმართ. ოპოზიციურ პარტიებს შორის ყველაზე დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ პარტია „იობიკს“, რომელიც წარსულში რადიკალურ მემარჯვენე ფრთას წარმოადგენდა, თუმცა დღეს ცენტრისტულ პოლიტიკას მისდევს.

უნგრეთის პარლამენტში სულ 199 დეპუტატს აირჩევენ. მთავარი ინტრიგა მდგომარეობს იმაში, შეძლებს თუ არა მოქმედი ხელისუფლება საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობის შენარჩუნებას. კვლევების მიხედვით, მმართველ გუნდს ელექტორატის მხარდაჭერა აქვს, თუმცა მოქალაქეთა დიდ ნაწილს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. ამან კი შესაძლოა, საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინოს.