უნგრეთის პრემიერს, რომელიც უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის მთავარი მოწინააღმდეგე იყო, საკითხზე ვეტოს უფლება არ გამოუყენებია, თუმცა ის ხმის მიცემაში არ მონაწილეობდა. მისი განცხადებით, ეს არის ცუდი გადაწყვეტილება. თუმცა შეთანხმებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ვიქტორ ორბანმა ვეტო დაადო უკრაინისთვის ევროკავშირის დამატებითი 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფის საკითხს. „ღამის შეჯამება – ვეტო უკრაინას დამატებით ფულზე, ვეტო მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს მიმოხილვაზე. საკითხს მომავალ წელს ევროპის საბჭოში სათანადო მომზადების შემდეგ დავუბრუნდებით“, – წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში. ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინის დახმარების შესახებ მოლაპარაკებები მომავალი წლის დასაწყისში განახლდება.