ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევისა და დამტკიცების წესში შესატან ცვლილებებს მხარს არ უჭერს ოპოზიცია. მმართველი გუნდის ოპონენტების შეფასებით, „ქართული ოცნება“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. მათი თქმით, ეს საკანონმდებლო ინიციატივა საარჩევნო ადმინისტრაციას ლეგიტიმაციას და საზოგადოებაში ნდობას უკარგავს. ამასთან, ოპოზიციის აზრით, დაგეგმილი ცვლილებებით, მმართველი გუნდი პრეზიდენტის ინსტიტუტს აკნინებს და ევროკავშირს საბოტაჟს უცხადებს. ოპონენტების ბრალდებებს მმართველ გუნდში უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, დღეს მოქმედმა საკანონმდებლო ჩანაწერმა პრაქტიკაში არ იმუშავა, რადგან კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევა ოპოზიციის პოლიტიკურ ინტერესებში არ შედის.