პრეზიდენტის ინიციატივას ეხმაურება უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძეც. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, ზურაბიშვილმა ბრიფინგზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიებს საერთო მიზანი აქვთ და საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ. მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დაპირებების ფონზე, რაც მშვიდობას, ღირსებას და უკეთეს ცხოვრებას გულისხმობს, ოპოზიციის დაპირებების ფარული მხარეა სანქციები, ეკონომიკის ჩამოქცევა და ომია. მდინარაძე წერს: „დღეს საქართველო უკვე პირველი ქვეყანაა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ევროპაში. ოთხ წელიწადში სიღარიბით და უმუშევრობით საშუალო ევროპულ მაჩვენებელს ჩამოვცდებით. ჩვენი დაპირებაა, მხოლოდ ამ გზით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა. ჩვენი დაპირებაა შერიგება და ურთიერთპატიება ქვეყნის გაერთიანების მიზნით. აგენტურის მთავარი დაპირება კი ტექნიკური მთავრობა ყოფილა. სანქციები, ეკონომიკის ჩამოქცევა და ომი მათი დაპირებების შედარებით ფარული მხარეა.“- წერს სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძე.