უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერს „ნაციონალური მოძრაობა“ არასერიოზულად მიიჩნევს.
ყოფილი მმართველი პარტია დღეს გასაჯაროებულ მასალას ხელისუფლების წინასაარჩევნო სქემის ნაწილად განიხილავს. ნიკა გვარამია კი, რომელსაც დიალოგის სავარაუდო მონაწილეები ახსენებენ, მასალას სუს-ის მიერ დამონტაჟებულად აცხადებს.
უკრაინულ ვებგვერდზე გავრცელებული ფარული ჩანაწერის მიხედვით, დიალოგი მიხეილ სააკაშვილსა და მის ბიძას, თემურ ალასანიას შორის მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტი საუბრობს რადიკალიზაციაზე და მოვლენების რევოლუციური გზით განვითარებაზე, ალასანია კი ქართველ ხალხს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს.
ჩანაწერის მიხედვით, რომლის ავთენტურობა არაა გამოკვლეული, ყოფილი პრეზიდენტის ბიძა ახსენებს ბიძინა ივანიშვილს და მზადაა, მისი ლიკვიდაციისთვის თანხა გადაიხადოს.