რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების სოჭში გამართული უშედეგო შეხვედრის შემდეგ, რეჯეფ ტაიფ ერდოღანს კვლავაც აქვს იმედი, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენა უახლოეს პერიოდში მოხერხდება. ამ ფონზე კი უკრაინა ახალი გამოწვევის წინაშე დგას. ევროკავშირის ხუთი ქვეყანა, რომელთაც საკუთარ ბაზარზე უკრაინული პროდუქციის შეტანა დროებით აკრძალული აქვთ, ამ შეზღუდვის გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეზღუდვები ინდივიდუალურად დააწესონ და გააფართოონ იმ პროდუქტების ნუსხა, რომელთა შეტანაც მათ ბაზარზე აკრძალული იქნება. იმ პირობებში, როდესაც შავი ზღვის მარცვლეულის დერეფანი არ ფუნქციონირებს, შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას უკრაინული პროდუქციის ალტერნატიული გზებით ტრანზიტსაც.