უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტმა ბუქარესტში, სამიტის მონაწილეებს ვიდეომიმართვისას მოუწოდა, უარი თქვან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შემდგომ დაბლოკვაზე. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთი სისტემატურად უტევს უკრაინის პორტებს სამხრეთში, ანადგურებს ინფრასტრუქტურასა და მარცვლეულის მარაგს. „საბოლოოდ, ეს სასტიკი აგრესია არის ყველას, მათ შორის ევროპელების წინააღმდეგ. შედეგები ყველგან საგრძნობია. უკრაინა წინააღმდეგია ჩვენი მარცვლეულის ექსპორტის შემდგომი შეზღუდვების, რადგან ჩვენ გვჭირდება სახსრები. საუბარია, რუსული ტერორის პირობებში გადარჩენაზე“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ბულგარეთის, სლოვაკეთის, პოლონეთისა და უნგრეთის ლიდერებს მიმართა და აღნიშნა, რომ „უკრაინული ექსპორტის ნებისმიერი შეზღუდვა მხოლოდ რუსული აგრესიით გამოწვეულ ტანჯვასა და ნგრევას ზრდის“. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ აკრძალვის ცალმხრივი გაგრძელება დაარღვევს საერთო ბაზრის წესებს და უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას. მაისში ევროკავშირმა ბულგარეთს, პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნება დართო, აეკრძალათ უკრაინული ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირის თესლის შიდა გაყიდვა, ხოლო საქონლის ტრანზიტი სხვა ქვეყნებში ექსპორტისთვის დაეშვათ. აკრძალვის ვადა 15 სექტემბერს იწურება.