თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა უკრაინული გამოცემა „უნიანის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 2017 წელს ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის ყოფილი მოადგილე გიზო უგლავა და ოდესის ყოფილი პროკურორი, დავით საყვარელიძე 500 ათასი დოლარის ქრთამის სანაცვლოდ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტას სთავაზობდნენ. როგორც უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, ამის შესახებ საუბარია ოდესის მერის 2024 წლის 10 სექტემბრის დაკითხვის დოკუმენტებში, რომლებიც ყოფილმა დეპუტატმა, იგორ მოსიიჩუკმა გამოაქვეყნა. დაკითხვის ოქმი 2024 წლის 10 სექტემბრით არის დათარიღებული. დაკითხვის ოქმის თანახმად, გიზო უგლავა სთავაზობდა ტრუხანოვს, შეხვედროდა მიხეილ სააკაშვილსა და მის ხალხს, რათა არ ყოფილიყო პრობლემები ე.წ. კრაიანის ქარხნისა და ოდესის აეროპორტის გასხვისების საქმეებში, რომელთა ფიგურანტიც იყო ოდესის მერი ტრუხანოვი.
მიმდინარე წლის სექტემბერში გიზო უგლავა სამსახურებრივი გამოძიების შედეგად უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.