უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოითხოვს ქვეყნის ტერიტორიების ნაწილის დეოკუპაციას. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით.
„რუსეთი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, ოკუპაციის ქვეშ ჰყავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოს ამ ტერიტორიებზე. უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – აცხადებენ სამინისტროში.
ამავე განცხადების მიხედვით, იმის გამო, რომ მსოფლიო საზოგადოებისგან რუსეთმა სათანადო პასუხი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე არ მიიღო, 2014 წელს რუსეთმა გააგრძელა აგრესიული ქმედებები უკრაინაში – დაიკავა ყირიმი და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილი, ხოლო 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი მოქმედებები დაიწყო.