შეთანხმება ვერ მოხერხდა – ერთის ნაცვლად პარლამენტში უკრაინის მხარდამჭერი ტექსტის სამი პროექტია მომზადებული. ოპოზიცია „ქართული ოცნების“ ვერსიას მწვავედ აკრიტიკებს. უკმაყოფილების მიზეზი ტექსტში რუსეთის არხსენებაა. ოპონენტების მტკიცებით, გუშინდელი კონსულტაციების დაწყების დროს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციები პრაქტიკულად შეჯერებული იყო, თუმცა დღის ბოლოს ტექსტიდან მთავარი ფორმულირებები გაქრა. კრიტიკას არ იღებს და ოპოზიციას პროვოკაციულ-პოპულისტურ განცხადებებში სდებს ბრალს მმართველი პარტია. თავის მხრივ პოლიტიკურ პარტიებს მოძრაობა „დროა“ უკრაინის მხარდამჭერი ტექსტის საკუთარ ვარიანტს სთავაზობს, რომელშიც რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ მუქარა მკაცრად არის დაგმობილი და რამდენჯერმეა ნახსენები რუსეთის სამხედრო ინტერვენციის საფრთხე. თუ საერთო ტექსტზე მხარეები ვერ შეჯერდებიან, პარლამენტს უკრაინის საკითხზე ერთპარტიული რეზოლუციის მიღება მოუწევს.