უკრაინის ელჩის გაწვევის შემდეგ მმართველი გუნდი განმარტებებს ელოდება.
ომში მყოფი ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის გუნდისთვის გაუგებარია. ამ პოზიციას დეპუტატებს ელჩის სატელეფონო კომენტარიც უმყარებს, სადაც დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ საქართველოდან მოხალისეების გასაგზავნად თვითმფრინავის მიღებასთან დაკავშირებით წინასწარი შეთანხმება არსებობდა. მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ ელჩი კონსულტაციებზე უკრაინაში გაიწვია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. ქვეყნის პირველი დიპლომატი ფაქტს გაუგებრობად აფასებს და იმედი აქვს, რომ ელჩი საქართველოში მალე დაბრუნდება. თუმცა ასე არ ფიქრობენ ოპონენტები, რომლებიც სანქციებსა და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებულ განცხადებებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის დამაზიანებელ გზავნილებად აცხადებენ და ხელისუფლებას პრორუსული პოზიციის დაკავებაში ადანაშაულებენ.