საომარი მოქმედებების პარალელურად მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის ემზადებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვალ მეორედ შეხვდებიან. ადგილი ცნობილია – მოლაპარაკებებს ისევ ბელარუსი უმასპინძლებს. რუსეთს კვლავ პუტინის თანაშემწე, უკრაინას კი მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე წარმოადგენს. ორი დღის წინ უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე გამართულ პირველ შეხვედრაზე დიალოგის მონაწილეებმა საკუთარი პირობები დააყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი რეფერენდუმის გზით დაფიქსირებულ უბლოკო სტატუსთან ერთად ყირიმზე უარის თქმას და ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარებას რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებში ითხოვს. კიევის პოზიციაა, რომ უკრაინა რუსეთის ნებისმიერ ულტიმატუმს არ დათანხმდება.