შეხვედრა, რომელიც მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო, პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა.
უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მზად არიან, რომ ანტალიის დღევანდელი მოლაპარაკების შემდეგ დიალოგი მომავალშიც განაგრძონ. შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს ზელენსკის და პუტინის აუდიენციის მომზადებაც. ცეცხლის 24 საათით შეწყვეტა და დაბომბილი მარიუპოლიდან მოქალაქეების გასაყვანად ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა – ეს იყო დიმიტრი კულებას ორი მთავარი მოთხოვნა, რაზეც სერგეი ლავროვისგან პასუხი ვერ მიიღო. უკრაინის პირველი დიპლომატის პოზიციაა, რომ რუსეთს უკრაინის ჩაბარება სურს, რასაც გამორიცხავს. კულებას იმედი აქვს, რომ ომის დასასრულებლად დიპლომატიური გამოსავალი მოიძებნება.
ამერიკის და ევროპის მიმართ მძიმე გზავნილებით იყო სავსე ლავროვის განცხადებები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაზე თავდასხმას უარყოფს და დასავლეთს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების და რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების მწვავედ აკრიტიკებს. ნეიტრალური და დემილიტარიზებული უკრაინა – ასეთი იყო ლავროვის მთავარი გზავნილი ანტალიიდან.
სალომე ქოქიაშვილი აშუქებდა დღევანდელ შეხვედრას, რომელიც დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში თურქეთის ინიციატივით გაიმართა.