სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება უკრაინის ბრალდებას, თითქოს „რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდული ტვირთების გადატანას ახორციელებს“, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება. უწყება უკრაინულ მხარეს განცხადების დამადასტურებელი მასალების გადაცემას სთხოვს. განცხადებაში ვკითხულობთ: „აღნიშნული ქმედება, საქართველოს კანონმდებლობით, წარმოადგენს სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით. საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ამგვარი დანაშაულის ნებისმიერ შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით. აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციის გაცვლის მიზნით, გუშინვე შეხვდა საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს. შეხვედრის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების საფუძვლებით და მოითხოვა დეტალური ინფორმაციის გაზიარება საკითხთან დაკავშირებით. შევახსენებთ უკრაინულ მხარეს, რომ ასეთი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა არაერთი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება წინასწარგანზრახული დეზინფორმაციაა, ის წარმოადგენს უკიდურესად არამეგობრულ და პროვოკაციულ ნაბიჯს და მიზნად ისახავს საქართველოში შიდა არეულობის პროვოცირებას, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურება მხოლოდ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების ინტერესებს“.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას დიპლომატიურ სკანდალს უწოდებს ოპოზიციური პარტიების ნაწილი. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აქტიური კომუნიკაცია უნდა აწარმოოს ოფიციალურ კიევთან არსებული კითხვების გასაქარწყლებლად. მეორე ნაწილის შეფასებით კი, უკრაინის განცხადება მძიმე ბრალდებაა და მტკიცებულებების გარეშე საუბარი მიუღებელია. მმართველი გუნდი ფინანსთა სამინისტროს საპასუხო განცხადების პათოსს იზიარებს და აცხადებს, რომ განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი სანქციების გვერდის ავლასა და ტვირთის გადატანას მათ შორის იარაღის საქართველოს გავლით აპირებს.