უმძიმესი ბრალდება უკრაინიდან საქართველოს მისამართით.
ქვეყნიდან ელჩის გაწვევის და არაერთი კრიტიკული გზავნილის შემდეგ, უკრაინა საქართველოს საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდებაში და რუსეთის დახმარებაში სდებს ბრალს. ხელისუფლების რეაქცია უმწვავესია. ოპოზიცია მმართველ გუნდს მეტი განმარტებისკენ მოუწოდებს. ოპონენტების დიდ ნაწილს კითხვები აქვს უკრაინული მხარის მიმართაც, რომლისგანაც კონკრეტული ფაქტების და მტკიცებულებების წარმოდგენას ითხოვს. საქმე ეხება უკრაინის დაზვერვის სამმართველოს მიერ გავრცელებულ და ვიცე-პრემიერის მიერ გახმოვანებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით რუსეთი სანქცირებული პროდუქციის, მათ შორის იარაღის მისაღებად, კონტრაბანდულ არხებს ქმნის, რომლებიც საქართველოზე გადის. ამავე ბრალდების მიხედვით, ქართულ სპეცსამსახურებს ხელისუფლებისგან კონტრაბანდული საქმიანობის ხელშეწყობის მითითება აქვთ მიღებული. ინფორმაციას თან არცერთი მტკიცებულება არ ახლავს, არ დასახელებულა ის ქვეყანაც, რომლისგან მიწოდებული კონტრაბანდული იარაღის შესაძლო გამტარი, უკრაინული დაზვერვის მიხედვით, სწორედ საქართველოა.