საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი კვლავ დონეცკის რეგიონია, კერძოდ, ბახმუტის და სოლედარის მიმართულება. უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში თავდასხმა 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ბახმუტთან და სოლედართან მოიგერიეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების პრესსპიკერი აცხადებს, რომ რუსულ ძალებს სოლედარი ჯერ არ დაუკავებიათ და ქალაქში ბრძოლები გრძელდება.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოში აცხადებენ, რომ ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ჯარების მეთაურს, ვალერი გერასიმოვს დონბასის მარტამდე დაკავება დაავალა. ამასთან, რუსეთი განაგრძობს უკრაინის სხვა რეგიონების დაბომბვას, გასული დღე-ღამის განმავლობაში, იერიში განხორციელდა სუმისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.