მაშინ როცა მსოფლიო ლიდერები ომის თავიდან აცილებას ცდილობენ, უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში პროვოკაციები სულ უფრო ხშირდება.
ოფიციალური კიევის მონაცემებით, მინსკის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღესაც არაერთხელ დაირღვა. ცოტა ხნის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ლუგანსკის და დონეცკის ოლქებიდან მოქალაქეების რუსეთში ევაკუაციის პროცესი დაიწყო. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, გუშინდელი და დღევანდელი დაბომბვების შედეგად არიან დაშავებულები, დანგრეულია რამდენიმე შენობა, იერიშების დროს გამოიყენეს აკრძალული იარაღიც. უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალის კონცენტრაცია 190 000 ჯარისკაცამდეა გაზრდილი. კიევში ვარაუდობენ, რომ მოსკოვი, ქართული სცენარის მსგავსად, ლუგანსკის და დონეცკის აღიარებისთვის ხელოვნურ ნიადაგს ამზადებს.