უკრაინამ ევროკომისიის შვიდიდან ორი პირობა შეასრულა

„უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, შვიდიდან ორი პირობა დააკმაყოფილა“, – ნათქვამია ევროკავშირის ანგარიშში, რომელიც მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ევროკავშირის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ეს პუნქტები ეხება სასამართლო რეფორმას და მედიის შესახებ კანონს. კიდევ ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ყველაფერი დამაკმაყოფილებელი არ არის და რეფორმები ჯერ კიდევ გასატარებელია. ევროკავშირმა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინას შვიდი პირობა დაუწესა, მათ შორის სასამართლო რეფორმა და კორუფციის შეზღუდვა. უკრაინას მოლაპარაკებების დაწყება მიმდინარე წელს სურს. როგორც „როიტერი“ იუწყება, 27-მა წევრმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, როდის დაიწყება უკრაინის ევროკავშირში წევრობის შესახებ მოლაპარაკებები.