უკრაინა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.
ქვეყანა კიდევ ერთი რუსული აგრესიის საფრთხის წინაშეა. ბოლო მონაცემები ასეთია – რუსეთს უკრაინის საზღვართან, დონბასსა და ყირიმში, 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული და მოკლე ვადაში დამატებითი ძალების მობილიზებაც შეუძლია. სასაზღვრო ზოლში ვითარება დაძაბულია, სამხედრო ესკალაციის მაღალი რისკების გამო უკრაინის დედაქალაქში შესაბამის ზომებს იღებენ. ოფიციალური კიევი მოსკოვს თავდასხმის შემთხვევაში მოსალოდნელ დანაკარგებზე აფრთხილებს. ორ ქვეყანას შორის მომავალი ურთიერთობა დიდწილად ბაიდენ-პუტინს შორის ორი დღის წინ გამართულ ონლაინ-შეხვედრაზე იყო დამოკიდებული. თუმცა აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების საუბრის და ვაშინგტონის მუქარის შემცველი გზავნილების ფონზე, მოსკოვიდან დღეს ისევ ბრალდებები ისმის. კრემლი უკრაინის ხელისუფლებას მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობაში და კონფლიქტის ზონაში მძიმე შეიარაღების მობილიზებაში სდებს ბრალს. ამერიკის მკაფიო განცხადებებთან ერთად კიევს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ევროპის ქვეყნები, რომლებმაც რუსეთს ერთობლივი გამაფრთხილებელი განცხადებითაც მიმართეს.