უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია გრძელდება. ომის მეხუთე დღეს უკრაინელი სამხედროები წარმატებით იგერიებენ საოკუპაციო ძალებს და აფერხებენ მის წინსვლას. კიევმა მორიგ მძიმე ღამეს გაუძლო.
აქტიური საბრძოლო მოქმედებების ფონზე უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე გომელის ოლქში მდინარე პრიპიატის რაიონში უკრაინა-რუსეთის პირველი მოლაპარაკება მიმდინარეობს. მსოფლიო ამ შეხვედრის დასრულებას ელოდება. უკრაინული მხარე ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ქვეყნის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის სრულ გაყვანას მოითხოვს. მოლაპარაკება უკვე სამი საათის განმავლობაში გრძელდება. უკრაინული დელეგაცია ადგილზე ვერტმფრენით ჩაფრინდა. შეხვედრის მონაწილეებს მოლაპარაკების დაწყებამდე ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმართა და იმედი გამოთქვა პროცესის შედეგიან დასრულებაზე. უკრაინის დელეგაციაში არიან ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, პრეზიდენტის აპარატის უფროსი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დეპუტატი რუსტემ უმეროვი და ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე. რუსეთის მხარეს – დუმის დეპუტატი ლეონიდ სლუცკი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი წარმოადგენენ.