უკრაინა ომის ზღვარზე

საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინაა. ქვეყნის საზღვრებთან რუსული შენაერთების მობილიზაცია არ წყდება. რუსეთიდან მორიგი თავდასხმის მოლოდინში დასავლეთის მთელი ძალისხმევა ამ აგრესიის შეკავებისკენ და უკიდურესად გამწვავებული ვითარების დიპლომატიური გზით გადაჭრისკენაა მიმართული. სამოქმედო ტაქტიკა და უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემთხვევაში მისაღები მძიმე ზომები, ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ლიდერებმა ონლაინ-შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შეაჯერეს. ვაშინგტონი და ნატო აღმოსავლეთ ევროპაში თავდაცვით ზომებს აძლიერებს და რუსეთისგან მოსალოდნელი ომის შეკავებას დაანონსებული მკაცრი სანქციების მუქარით ცდილობს. ახლა ყველა ინტერესით ელოდება საფრანგეთის დედაქალაქში ხვალისთვის დაგეგმილ შეხვედრას, რა დროსაც მოლაპარაკებათა მაგიდასთან რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ დასხდებიან.