უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, უკრაინელმა ერმა მთელ მსოფლიოს აჩვენა ღირსეული ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.

„დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა. უკრაინელმა ერმა მთელ მსოფლიოს აჩვენა ღირსეული ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. საქართველო და უკრაინა არიან ახლო, მოძმე ერი, ერთი და იმავე ბრძოლით. ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი და ჩვენ ყოველთვის ერთად ვიდგებით“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“.

უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ულოცავს: „მსურს, უკრაინელ ხალხს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. თქვენი თავისუფლებისათვის სამაგალითო ბრძოლა დამოუკიდებლობას უდიდეს ღირებულებას ანიჭებს. უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ გამძლეობასა და გამბედაობას საკუთარი სამშობლოს დაცვასა და მშვიდობიანი და უზრუნველი მომავლისაკენ სწრაფვაში“.

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საომარი ვითარებისა და რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმების გამო, ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში ღონისძიებების ჩატარება არ იგეგმება. ასევე რიგ ქალაქებში კომენდანტის საათია ამოქმედებული, ხოლო მოსახლეობას მოუწოდებენ თავი შეიკავონ მასობრივი შეკრებებისგან. მიუხედავად ამისა, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად კიევში მდებარე ძეგლი „დედა-სამშობლო“ და სხვა საკულტო ადგილები სახელმწიფო დროშის ფერებში განათდება. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართა ქვეყნის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის აგრესიიდან ექვსი თვის მანძილზე უკრაინამ შეცვალა ისტორია, შეცვალა მსოფლიო და შეცვალა საკუთარი თავი.