გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით „დენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა“ პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება და დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 320-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. კოდექსს დაემატა ახალი მუხლი – 86 პრიმა, რომელიც ადგენს არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმას 200 000 ლარის ოდენობით, რასაც დაემატა მოპოვებული თევზის ეროვნული ან საერთაშორისოდ განსაზღვრული საბაზრო ღირებულების ხუთმაგი ოდენობა. დაჯარიმებიდან ხუთი წლის განმავლობაში იგივე ქმედების ჩადენა 400 000-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.