ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად. გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქეები სისტემატურად ახდენდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების ლეგალიზაციას. აღნიშნული პირები, 2019 წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს იმყოფებოდნენ კოლუმბიის, გაბონის, ეთიოპიის ფედერაციულ და პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკებში, სადაც ძირითადად ფულადი თანხების კონვერტაციისას, დოლარის და ევროს ყალბი და დაბალი ნომინალების კუპიურების გამოყენებით, შეცდომაში შეჰყავდათ სხვადასხვა ფიზიკური პირები, სავალუტო ჯიხურების და საფინანსო/საკრედიტო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოტყუებით ეუფლებოდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულად თანხებს. დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ფულადი თანხები შემოჰქონდათ საქართველოში. სასჯელი 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.