სოფელ ატოცში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გრძელდება.
საქართველოში აშშ-ს საელჩო ახლადაღმართულ ბარიერებს ადგილობრივებისთვის საარსებო წყაროს წართმევად და გადაადგილების შეზღუდვად აფასებს და მოსკოვს ოკუპაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
მწვავეა ევროკავშირის ელჩის რეაქციაც. შექმნილი ვითარების გამო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერგნეთის შეხვედრების ფორმატის უმოკლეს ვადებში აღდგენას ითხოვს. ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან ე.წ. საზღვრის მონიშვნის სამუშაოები ახლა შეჩერებულია. თუმცა ადგილობრივები რუსი სამხედროების გამოჩენას ყოველ წუთს ელიან. ამ დროისთვის რკინის ბოძები 400-მეტრიან მონაკვეთზეა გავლებული. საოკუპაციო რეჟიმის გეგმით, ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების ერთკილომეტრიანი ღობის აღმართვა იგეგმება.