უფლებადამცველი ამირან გუგუშვილი მოქალაქე გიორგი შავდიას ოჯახისთვის ქონების დაბრუნებას და ნასამართლობის მოხსნას ითხოვს.
ადვოკატის თქმით, გიორგი შავდია 2010 წლის 17 ნოემბერს დამნაშავედ ცნეს ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის. მაშინ შავდიას ოჯახს საპროცესო გარიგების სანაცვლოდ ორი ძვირადღირებული ავტომობილი აყიდინეს, რომელიც ჩუქების გზით გადააცემინეს სამინისტროსთვის.
2015 წელს პროკურატურამ გიორგი შავდია დაზარალებულად ცნო და სიტყვიერად დაუბრუნა სახელმწიფოსთვის მიცემული ქონება. თუმცა ეს ქონება ადვოკატის თქმით, ოჯახს დღემდე არ გადასცემია.
ოჯახმა ქონების დაბრუნების და განაჩენის გადახედვის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა, თუმცა სააპელაციომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ოჯახის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა და ახლა პასუხის მოლოდინშია.
შავდიას ოჯახი და მისი უფლებადამცველი ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენას და პროკურატურის გადაწყვეტილებაზე რეაგირებას სთხოვს.