„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი დღეს ოფიციალურად შევა ძალაში. პარლამენტის თავმჯდომარემ დოკუმენტს ხელი გუშინ მოაწერა. კანონის მიხედვით, იმ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც 20 %-ზე მეტ დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირების ვალდებულება სექტემბრის დასაწყისიდან ექნებათ. ოპოზიციის დიდი ნაწილის განცხადებით, ეს შეაფერხებს როგორც მესამე სექტორის მუშაობას, ასევე საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ. მმართველი გუნდი კი გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ფიქრობს, რომ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, მესამე სექტორი და მედია საიდან და რა მიზნით ფინანსდებიან.