„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ რეესტრში რეგისტრაციის ვადის ამოწურვისა და ორგანიზაციების რეგისტრაციის საკითხი განხილვის თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციათა ის რიცხვი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ წარადგინა, უმნიშვნელოა. ამასთან, ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ორგანიზაციებს თავად უნდა ჰქონდეთ უფლება გადაწყვიტონ – გაივლიან თუ არა რეგისტრაციას აღნიშნულ რეესტრში. ამასთან, ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ „ქართული ოცნება“ არასამთავრობო ორგანიზაციებს სანქციების საფრთხის წინაშე აყენებს. მმართველ გუნდში კი ოპონენტების განცხადებებს სიცრუესა და ციფრებით მანიპულირებას უწოდებენ.