დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა სადავო კანონპროექტის განხილვა პარლამენტში.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ინიციატივას დღეს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უნდა უყარონ კენჭი. ოპონენტების მოწოდებების მიუხედავად, მმართველი გუნდი პროექტის უკან გაწვევას გამორიცხავს და მთავარ არგუმენტად გუშინდელ აქციაზე ხალხისგან მიღებულ ლეგიტიმაციას ასახელებს. მუხლობრივ განხილვას თან შეურაცხმყოფელი ეპითეტები და სიტყვიერი დაპირისპირება ახლავს. ოპოზიციონერი ლიდერები კონკრეტული მუხლების მოშველიებით პარალელებს რუსეთში 2012 წელს მიღებულ რეგულაციებთან ავლებენ. ოპონენტების განცხადებებში ახალი გზავნილებიც გაჩნდა. ოპოზიცია რეზონანსული კანონპროექტის მიღების მიზეზად „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელისუფლების დაკარგვის შიშს ასახელებს. ტრიბუნასთან ამჯერად ანრი ოხანაშვილი დგას, რომელიც მთავარი მომხსენებელია. საჯაროა თუ არა დამატებითი რეგულაციების შემოღების გარეშე არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროები სახელმწიფო უწყებებისთვის – ეს მწვავე დებატების ერთ-ერთი მთავარი თემაა. ოპონენტები ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებასა და დევნაში ადანაშაულებენ, მმართველი გუნდი პოზიციებს ფინანსური გამჭვირვალობის და საზოგადოების ინფორმირებულობის აუცილებლობით ასაბუთებს.