„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“ ძალაში ხვალიდან შედის – პარლამენტის თავმჯდომარემ დოკუმენტს ხელი მოაწერა. კანონის მიხედვით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომლებიც დაფინანსების 20 %-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირების ვალდებულება ორ თვეში, სექტემბრის დასაწყისში ექნებათ.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის მდგრადობის განმტკიცებაა. რაც, მისი თქმით, ქვეყანაში რადიკალიზმსა და პოლარიზაციას შეამცირებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, საზოგადოებას უფლება აქვს, იცოდეს, ვინ საიდან და რა მიზნით ფინანსდება. პრემიერის განცხადებით, კანონის მიღებით გაიმარჯვა მხოლოდ საქართველომ.