უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.
ოპოზიცია და მმართველი გუნდი კვლავ ურთიერთბრალდებების რეჟიმში არიან. საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი სადავო კანონს კვლავ „რუსულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისი ამოქმედება საქართველოს საერთაშორისო იზოლაციამდე, „ქართულ ოცნებას“ კი პერსონალურ სანქციებამდე მიიყვანს. ოპონენტების კრიტიკას მმართველ გუნდში არ იზიარებენ და შესაძლო სანქციების კონტექსტში აქცენტს სახელმწიფო ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე აკეთებენ. „ქართული ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, გამჭვირვალობის საკითხზე საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესს და უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტის გადაწყვეტილებას პატივი სცეს.