მესამე სექტორის ნაწილი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის გასაუქმებლად კონკრეტულ მოქმედებებზე გადადის.
ორთვიანი პროტესტის შემდეგ დამტკიცებული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება. მოთხოვნაა იმ მუხლების მოქმედების შეჩერება, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არაკომერციულ ორგანიზაციებს ყოველწლიურად შემოსავლების და თანხების მიზნობრიობის დეკლარირებას და უცხოური ძალის ინტერესის წარმომადგენლად დარეგისტრირებას ავალდებულებს. სარჩელის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლოში სამართლებრივი დავის დაწყებაც დაანონსდა. არასამთავრობო ორგანიზაციები მათი სტიგმატიზების საფრთხეზე საუბრობენ და ელოდებიან, რომ ახალი საკანონმდებლო რეგულაციები უცხოელი დონორების დახმარებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის და საზოგადოებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის შეჩერებას გამოიწვევს. ამ კონტექსტში განიხილება ფონდ „ფრი თიიზის“ გადაწყვეტილებაც. ფონდმა ონის მუნიციპალიტეტში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა. ხელისუფლება ფონდის გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ ინტერესს და საბოტაჟის მცდელობას ხედავს და კონკრეტულ პარტიასთან კავშირზე მიუთითებს.