მმართველი გუნდი დანიური დაფინანსებით საქართველოში მიმდინარე „დემოკრატიის ფესტივალს“ წინასაარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის ჩარევად აცხადებს. ღონისძიება, რომელშიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ, მოსახლეობასთან შეხვედრებს ითვალისწინებს, პარტიებისთვის გამოყოფილ სივრცეებში კი, საარჩევნო ატრიბუტიკასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის ბანერებია წარმოდგენილი, მისივე გათავისუფლების მოთხოვნით. ფორმატის გათვალისწინებით, მმართველი გუნდი ღონისძიებას ავტორიტარიზმის ფესტივალს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ გარე ძალები ამ ფორმით ოპოზიციის, კონკრეტულად კი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ორგანიზებით გამართული შეხვედრები მიუღებელია ოპოზიციის ნაწილისთვისაც. ის პარტიები კი, რომლებიც დანიის დაფინანსებით გამართულ ფესტივალში აქტიურად მონაწილეობენ, პროცესში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ. არ არის გამორიცხული, ფესტივალთან დაკავშირებული კითხვების გამო, დანიის ელჩი საქართველოს საგარეო უწყებაში დაიბარონ.