ევროკავშირის, საფრანგეთის და სხვა დასავლური ქვეყნების შემდეგ გამჭვირვალობის კანონზე მუშაობას იწყებს ესპანეთიც.
დემოკრატიის რეგენერაციის გეგმაზე ქვეყნის პარლამენტში პირადად პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. საქმე ეხება მედიის გამჭვირვალობას. როგორც პედრო სანჩესი აცხადებს, მთავრობა აპირებს შეაჩეროს ცრუ ინფორმაცია და კანონი გამიზნული იქნება მათზე, ვინც „ტყუილი მომგებიან ბიზნესად აქცია“. სანჩესის ინიციატივა საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა. ქვეყნის პრემიერი ოპონენტებმა უკვე დაადანაშაულეს ცენზურასა და მედიაზე კონტროლის დამყარების მცდელობაში. ესპანეთის პრემიერის გადაწყვეტილება ურთიერთბრალდებების მიზეზად იქცა ქართულ პოლიტიკურ წრეებშიც, სადაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონისგან განსხვავებით, ოპოზიცია სანჩესის ინიციატივაში პრობლემას ვერ ხედავს. მმართველი გუნდი კი ორმაგ სტანდარტზე მიანიშნებს და აცხადებს რომ, რამდენიმე დასავლური ქვეყნის იდენტური გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება დროული იყო.