საფრანგეთის მაგალითმა საქართველოში შიდა პოლიტიკური დისკუსიები გაააქტიურა.
ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაში დამტკიცებულია კანონი, რომელიც უცხოურ ჩარევას ეხება. ქვეყნის შიდა საქმეებში უცხო ქვეყნის მხრიდან ჩარევის საფრთხეების აღსაკვეთად საფრანგეთი კონტროლს ამკაცრებს და სპეციალურ საკანონმდებლო ბაზას ქმნის, რომელიც ევროკავშირის წევრების გარდა ყველა ქვეყანაზე გავრცელდება. უცხოური ინტერესის წარმომადგენელთა რეესტრის შექმნა, მონიტორინგის გაძლიერება, კონტროლის მექანიზმად ტერორისტული დანაშაულებისთვის გათვალისწინებული სისტემის გამოყენება და რეესტრისთვის თავის არიდების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება და აქტივების გაყინვა – პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ერთი წლის შემდეგ ამოქმედდება. კენჭისყრამ და სენატში კანონის გარშემო გამართულმა დებატებმა საქართველოში ბოლო ორი თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ფონზე განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მაინც ვერ თანხმდებიან, არის თუ არა უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების გამჭვირვალობის მოთხოვნა ევროპული სტანდარტი.