სამხედრო ექსპერტისა და ბლოგერის, უჩა აბაშიძის მეუღლემ სასამართლო სხდომაზე დანაშაული აღიარა და უდაოდ ცნო ბრალდების მტკიცებულებები, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა დახურული სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მარიამ იაშვილმა აღიარა, რომ სხვადასხვა მამაკაცთან ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა, რაც იწერებოდა ფირზე და შემდეგ ინახებოდა. სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა თავად უჩა აბაშიძე. ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებულ ფირებზე, მტკიცებულებებზე შინაარსობრივად ვერ იმსჯელებენ, რადგან ისინი კანონის დარღვევით არის მოპოვებული. აბაშიძე დანაშაულს არ აღიარებს და მის დაკავებას პოლიტიკურს უწოდებს, კერძოდ, აქციებზე აქტიურობას. საქმეში 80-მდე დაზარალებულია, რომლებმაც არ იცოდნენ პირადი ცხოვრების კადრების გადაღების შესახებ. ისინი სასამართლოში დახურულ სხდომებზე დაიკითხებიან.
პოლიციამ ბლოგერი უჩა აბაშიძე 9 მაისს იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. ასევე, შსს-მ დააკავა უჩა აბაშიძის მეუღლე. ამასთან, როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, უჩა აბაშიძემ მეუღლესთან ერთად, განიზრახა სხვადასხვა პირთა ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა.