მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ახალი მიზეზი. საქართველო ევროკავშირისგან სესხს ამ ეტაპზე აღარ მიიღებს. საუბარია 150 მილიონიან სესხზე, რომლის ნახევარი ქვეყანას პანდემიის დაწყების დროს, შარშან უკვე ჩაერიცხა. მმართველმა გუნდმა სესხის არმიღების მიზეზად საკუთარი გადაწყვეტილება დაასახელა და ეს პოზიცია გაუმჯობესებული ეკონომიკური მაჩვენებლებით, საგარეო ვალის შემცირების დაწყებითა და ბიუჯეტში დამატებით შესული მილიარდი ლარით გაამყარა. თუმცა, ხელისუფლების დღევანდელ განცხადებას არ ემთხვევა ევროკავშირის განმარტება, სადაც წერია, რომ ფინანსური დახმარების გამოყოფის პირობები საქართველომ საკმარისად ვერ შეასრულა. „ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე“- ასეთია გზავნილი ბრიუსელიდან. ოპოზიცია კი, გადაწყვეტილებას პირდაპირ შარლ მიშელის შეთანხმებას უკავშირებს და დარწმუნებულია, რომ მაკროფინანსურ დახმარებაზე უარით „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმების საბოლოოდ ჩაგდება გადაწყვიტა. პოლიტიკური ურთიერთბრალდებების დროს, მმართველი გუნდიდან დღეს ოპონენტებს რამდენჯერმე შეახსენეს ის გამოსვლები, სადაც ოპოზიცია მკვეთრად გაზრდილი საგარეო ვალების გამო, მთავრობას მწვავედ აკრიტიკებდა.