მოსკოვსა და კიევს შორის ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად, რუსეთის ტყვეობიდან 108 ქალი გათავისუფლდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს. ტყვეობიდან გათავისუფლებულ უკრაინელ ქალებს შორისაა „აზოვსტალიდან“ ევაკუირებული 37 ქალი, 11 ოფიცერი, ასევე 12 სამოქალაქო პირი. ანდრეი ერმაკი ტყვეთა ბოლო გაცვლას განსაკუთრებით ემოციურს უწოდებს, რადგან გათავისუფლებულებს შორის არიან ქალები, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ ჯერ კიდევ რუსეთის ფართომასშტაბიან ინტერვენციამდე. თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლების ცნობით, ტყვეობიდან გაათავისუფლეს 110 რუსი, რომელთა შორის 72 მეზღვაურია.