დავით ბუზუკაშვილის პირადი არქივიდან ძალზე საყურადღებოა მის მიერ წლების განმავლობაში უდიდესი ძალისხმევით მოძიებული რეალური ფაქტების ციკლი. ციკლში თავმოყრილია ცალკეულ წარჩინებულ ქართველთა მიერ ებრაელთათვის გაწეულ ადამიანურ სიკეთეზე. მათი დახმარებით ის ებრაელები სხვადასხვა სარისკო განსაცდელს გადაურჩნენ. იმ საბჭოთა დროს, როცა ებრაული თემა ტაბუდადებული იყო, ამ ფაქტების მოძიება და შეკრება უდიდეს რისკს შეიცავდა. მაგრამ მამა, რომელიც თავად პოლიტიკურ რეპრესიათა მსხვერპლი ოჯახიდან გახლდათ და არაადამიანურ სისასტიკეთა მთელი კასკადი საკუთარ თავზე ჰქონდა ნაწვნევი, ჰუმანური აქტის – დახმარების ხელის გაწვდის ოქროს ფაქტებს დაგეშილი დაეძებდა და წლების განმავლობაში სტრიქონ-სტრიქონ კინძავდა, ელოლიავებოდა.
პირადად მე ამ ციკლს ზნეობადაცემულ დღევანდელობაში ზნეობის ანთოლოგიად მოვიაზრებ. თუმცა, ამ უნიკალურ ფაქტებს სადღეისოდ უფრო აღმატებული –პოლიტიკური მნიშვნელობაც გააჩნია: დღეს, როცა სამწუხარო გარემოებათა გამო, საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალში ქართველთა იმიჯი ერთგვარად დაძაბულია იმავე აფხაზურ, ოსურ, რუსულ მიმართებებში; როცა უსიამოვნო ფაქტები დროდადრო მავანთა მონდომებით პედალირდება, ვთქვათ, იმავე ჯავახეთში სომხური ან სხვაგან მუსლიმური აქცენტით, ზემოაღნიშნული ფაქტების აფიშირებას იმავე საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალში სწორედ რომ პოლიტიკური ფასი და ღირებულება დაედება. მით უფრო, რომ ქართულ-ებრაული ურთიერთობები არ არის მხოლოდ ხაზგასმული ტაშ-ფანდური.
იმ ოქროს გალერეიდან ამჯერად გთავაზობთ ფრაგმენტს დიდი ქართველი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის ძალისხმევაზე ერთი გაჭირვებული ებრაელის, აბნერ კრიხელის მიმართ. სწორედ აბნერ კრიხელის ნაამბობი ჩაიწერა მამამ.
მარინა ბუზუკაშვილი
– ჩვენი ოჯახი ცხინვალში ცხოვრობდა. მამაჩემი წვრილმანებით ვაჭრობდა და მრავალშვილიან ოჯახს ძლივს არჩენდა. რვა წლის ვიქნებოდი, როცა მამა ყაჩაღებმა სოფელ მეჯვრისხევთან მომიკლეს. ამიტომ, 1890 წელს ქალაქ ფოთში გადავსახლდით, სადაც იძულებული ვიყავი ლუკმა პურზე მეფიქრა. ნათესავმა ცხრა წლის ბიჭი სასტუმროს პატრონს მიმაბარა წელიწადში 10 მანეთად. სამი წლის აუტანელი შრომის შემდეგ სასტუმროში მუშაობას თავი დავანებე და ბულვარში მზესუმზირის გაყიდვა დავიწყე.
ნიკო ნიკოლაძის ოჯახი იმხანად ფოთის ყველაზე ღირსშესანიშნავ ნაგებობაში – კოშკში ცხოვრობდა. მისი ოთხი შვილი და მათთან სათამაშოდ მისული სხვა ბავშვები მზესუმზირას ჩემგან ყიდულობდნენ – ჭიქას ერთ კაპიკად. ბავშვებმა ნიკო ნიკოლაძის ოჯახს დამაახლოვეს. შემდეგ ფეხსაცმლის მწმენდავი გავხდი და მათ ოჯახში სიარულს მოვუხშირე. ასე დავიმსახურე ბატონი ნიკოს ყურადღება. მისი დიდი სურვილი იყო, რომ სკოლაში მესწავლა, მაგრამ არც ამის საშუალება გვქონდა და არც დედაჩემს სურდა ჩემი სწავლა (ნიკო ნიკოლაძის ეს სურვილი სრულ უნისონშია გაზეთ „დროების“ 1871 წლის 18 აგვისტოს ნომერში გამოთქმულ მის თვალსაზრისთან: „თუ ებრაელთა შვილები ჩვენს შვილებთან გაიზრდებიან, თუ ებრაელი ყმაწვილი ხეირიან განათლებას მიიღებს, ისინი ძმურად გამოგვადგებიან ჩვენ ჭირსა და ლხინში“ – დ.ბ.)
დრო გადიოდა და ნიკო ნიკოლაძის ოჯახიდან სულ უფრო მეტ დავალებებს ვიღებდი, რომელთაც პირნათლად ვასრულებდი. გასამრჯელოს როგორც ფულად, ისე საჩუქრების სახით მაძლევდნენ. შემდეგ ბატონმა ნიკომ მიყიდა ცხენი და ეტლი, რითაც ბირჟაზეც ვმუშაობდი და ქალაქის თავის ოჯახსაც ვემსახურებოდი.
1904 წელს ჯარში გამიწვიეს. მალე რუსეთ-იაპონიის ომი დაიწყო და ვმონაწილეობდი პორტ-არტურის დაცვაში. იაპონიასთან ზავის დადების შემდეგ კვლავ ფოთში დავბრუნდი და ნიკო ნიკოლაძის დახმარებითა და ხელშეწყობით ახლადშექმნილ საკუთარ ოჯახს შეძლებისდაგვარად ვარჩენდი.
1914 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და ისევ ჯარში გამიწვიეს. ერთ-ერთი შეტაკების დროს რამდენიმე ჭრილობა მივიღე და ტყვედ ჩავვარდი. მომათავსეს გერმანიის ქალაქ კრომენბურგის სამხედრო ტყვეთა ბანაკში. ჭრილობების მოშუშების შემდეგ გამამწესეს იმავე ქალაქის ტყვეთა ბანაკში, სადაც ბევრი ქართველი ტყვე იყო. ცხოვრების პირობები კი ყოვლად აუტანელი…
ჩემთვის დაუვიწყარია ის დღე, როცა მოულოდნელად გამოგვიცხადეს: ქართველ ტყვეთა მდგომარეობის გასაცნობად დელეგაცია ჩამოვიდაო.
სამხედრო მწყობრში ჩამწკრივებულ, ძონძებით შემოსილ ტყვეთა რიგებს გერმანელი ოფიცრების თანხლებით, მოუახლოვდა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი რამდენიმე პირი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა სტუმართა შორის თვალი მოვკარი ჩვენი ოჯახის მხსნელსა და მფარველს, ბატონ ნიკო ნიკოლაძეს. ხოლო როცა მან წინ ჩამიარა, უნებლიედ აღმომხდა: – „ბატონო ნიკო!“
იგი შემობრუნდა, მომიახლოვდა, მიცნო, ხელი ჩამომართვა და გადამკოცნა. ამან დიდად გააოცა გერმანელი ოფიცრები. ბატონი ნიკო დამპირდა – დღესვე გაგათავისუფლებო.
მართლაც, ოთხიოდე საათის შემდეგ ბანაკიდან გამომწერეს და სამხედრო პირთა თანხლებით იმ სასტუმროში მიმიყვანეს, სადაც ბატონი ნიკო დაბინავებულიყო. თუმცა, იმ მომენტში თავად იგი სასტუმროში არ იყო, მაგრამ სასტუმროს ხელმძღვანელობა წინასწარ გაეფრთხილებინა და მათაც მაშინვე აბანოში გამგზავნეს, სადაც ახალი ტანსაცმლით შემმოსეს. მალე იმავე სასტუმროში დამაბრუნეს და ჩემთვის დაკვეთილ ნომერში მომათავსეს. იქ კი გვარიანად გამიმასპინძლდნენ.
მეორე დღეს ბატონი ნიკო პარიზში გაემგზავრა. მეც თან წამიყვანა და თავის ახლობლებთან დამაბინავა.
პარიზში რამდენიმე დღეს დავრჩი. ამ ხნის განმავლობაში ბატონმა ნიკომ კარგად გამომაწყო. ბოლოს კი თავის ახლობლებთან ერთად მიმაცილა ნავსადგურამდე, საიდანაც გემით „ფრანც მორინ“ საქართველოსკენ მომავალს გზა დამილოცა. ბატონმა ნიკომ და მისმა ახლობლებმა ფულითაც გამიმართეს ხელი. მათგან საჩუქრად მიღებული 185 დოლარი სტამბულსა და ბათუმში გადავცვალე რუსეთის ვალუტაში.
ამრიგად, სავსებით იმედგადაწურული, ნაჭრილობევი და შრომის უნარწართმეული ინვალიდი ნიკო ნიკოლაძის წყალობით, კვლავ დავუბრუნდი საკუთარ კერას. სხვათა შორის, ნიკო ნიკოლაძის ძალისხმევით სამშობლოში დაბრუნდნენ ის ქართველი ტყვეებიც, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ გამწესებულნი გერმანიის ქალაქ კრომენბურგის ბანაკში.
ფოთში დაბრუნების შემდეგ, კვლავაც ნიკო ნიკოლაძისავე უანგარო დახმარებით ფეხზე წამოვაყენე ჯერ კიდევ რუსეთ-იაპონიის ომის დროს შექმნილი საკუთარი ოჯახი…
ჩაიწერა: დავით ბუზუკაშვილმა