თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგი შეცვალა. საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ახლა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთისკენაა მიმართული, სადაც არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ანკარამ სამხედრო ოპერაცია მაინც დაიწყო.
მოსახლეობაში მსხვერპლია. ადგილობრივები ქვეყნიდან გარბიან. ლტოლვილთა ნაკადი იზრდება.
ვაშინგტონი ერდოღანს სანქციებით ემუქრება, ბრიუსელი სამხედრო მოქმედებების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს. მწვავეა ირანის რეაქცია. თუმცა უსაფრთხო ზონის შექმნის და ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის არგუმენტით თურქეთის პირველი პირი უკან დახევას არ აპირებს.
ოპერაციამ სახელწოდებით „მშვიდობის წყარო“ მსოფლიოს სიმშვიდე დაურღვია. საერთაშორისო კრიტიკის ფონზე სირიის საკითხს უახლოეს საათებში გაეროში განიხილავენ. მანამდე კი განცხადებას ავრცელებს საქართველოში თურქეთის საელჩო, სადაც სამხედრო ოპერაციის დაწყების მიზეზებია განმარტებული და ხაზგასმულია, რომ ანკარა სირიის დაშლას და რეგიონში ქურთების ე.წ. სახელმწიფოს შექმნას არ დაუშვებს.