ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი ონლაინპორტალი

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორისთვის, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად, ახალი ონლაინპორტალი exhibitions.gnta.ge შექმნა.

ახალი პლატფორმა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მსურველ კერძო სექტორის წარმომადგენლებს რეგისტრაციაში დაეხმარება. ონლაინპორტალი დაფუძნებულია ალგორითმზე, რომელიც გამოავლენს მონაწილეებს სამართლიანი და გამჭვირვალე გზით.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაში დარეგისტრირებულია 5 000-მდე კერძო სექტორის წარმომადგენელი, რომლებთანაც ყოველი წლის ბოლოს იგზავნებოდა შემდეგი წლის გამოფენების ჩამონათვალი. კერძო სექტორის წარმომადგენლები რეგისტრირდებოდნენ ადმინისტრაციაში ოფიციალური წერილის წარდგენით. ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო, მსურველთა რაოდენობის დაყვანა ხდება არსებული ადგილების რაოდენობამდე, რაც დაკავშირებული იყო კენჭისყრის პრინციპზე, რის შედეგად ხდებოდა კომპანიების შერჩევა. საერთაშორისო გამოფენების ონლაინპორტალი პროცესს გააციფრულებს და კერძო სექტორს რეგისტრაცია გაუმარტივდება.