საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. საქმე ეხება ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებს. გამოძიების ინფორმაციით, 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის კლასიკოსი მწერლების ძვირადღირებულ წიგნებს. ამისათვის, იყენებდნენ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, გამოგონილ სახელებსა და გვარებს და ორიგინალის ჩასანაცვლებლად წინასწარ გამზადებულ, წიგნების ყალბ ნიმუშებს. პროკურატურის განცხადებით, ამ ეტაპზე დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.