უძველესი წიგნების ასლებით ჩანაცვლება და რარიტეტული გამოცემების მოპარვა – საქართველოს ოთხი მოქალაქე ევროპის რვა ქვეყნის ცნობილი ბიბლიოთეკების გაძარცვაშია ბრალდებული.
ტრანსნაციონალური დანაშაული ევროპულმა საგამოძიებო ჯგუფმა გახსნა, რომელშიც საქართველოს სამართალდამცავი უწყებებიც იყვნენ ჩართულები. თუ გამოძიებას დავეყრდნობით, 2022 წელს შექმნილმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა ერთი წლის განმავლობაში ეროვნული და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებიდან ასეულობით უიშვიათესი გამოცემა მოიპარეს და მათ ნაცვლად საცავებში მაღალი ხარისხის ასლები განათავსეს. მათი ნაწილი საქართველოშია შემოტანილი.