საქართველო დღეს რამდენჯერმე ახსენეს ბრიუსელში.
საერთაშორისო პლატფორმაზე განიხილება მარშრუტი, რომელშიც ჩვენს ქვეყანას საკვანძო სატრანზიტო როლი აქვს. ბრიუსელი ევროკავშირის და ცენტრალური აზიის საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს. განხილვის მთავარი თემა შუა დერეფნის მომავალია. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ევროკავშირი ენერგორესურსების და ტვირთების გადაზიდვის ალტერნატიულ გზებს ეძებს. ამ კონტექსტში ძველი აბრეშუმის გზის, ანუ შუა დერეფნის, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი უსაფრთხო გზის მიმართ ინტერესი მკვეთრად არის გაზრდილი. იბიარდის კვლევის მიხედვით, ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ყველაზე პერსპექტიულ მარშრუტად სწორედ შუა დერეფანი დასახელდა. ფორუმის მონაწილეებმა ამ გზაზე საქართველოს როლს არაერთხელ გაუსვეს ხაზი. ახსენეს ის პროექტებიც, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა შუა დერეფნის განსავითარებლად გეგმავს. შეთანხმდნენ, რომ სატრანსპორტო გზისთვის საერთაშორისო ფონდები სოლიდურ ფინანსურ რესურსებს გამოყოფენ.