აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეში, მის წინააღმდეგ ბრალდებები დაამტკიცა. აშშ-ის პრეზიდენტს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და კონგრესის მუშაობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.
ორ ბრალდებას წარმომადგენელთა პალატამ ცალ-ცალკე უყარა კენჭი. პრეზიდენტისთვის ბრალდებების წაყენებისთვის რესპუბლიკელ კანონმდებლებს მხარი არ დაუჭერიათ.
დემოკრატების მტკიცებით, დონალდ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებაზე ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად, ზეგავლენას ცდილობდა. დონალდ ტრამპის პრეზიდენტის პოსტზე დარჩენასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება სენატმა უნდა მიიღოს, სადაც ტრამპის თანაპარტიელები, რესპუბლიკელები უმრავლესობას ფლობენ. სენატში იმპიჩმენტის პროცედურა იანვარში დაიწყება.