ელექტროსადენის იზოლაციის დაზიანება, რამაც წყალზე დენის გადაცემა გამოიწვია – ასეთია გამოძიების ვერსია ვაკის პარკის გახმაურებულ საქმეზე.
ტრაგედიიდან მეშვიდე დღეს აყვანილია ცხრა ადამიანი. დაკავებულები არიან მერიის მაღალჩინოსანი, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩამტარებელი კომპანია „გრინსერვის-პლიუსის“ დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე და ამ კომპანიის კიდევ ორი თანამშრომელი. აიყვანეს ის ორი ელექტროშემდუღებელიც, რომლებმაც გამოძიების მასალების მიხედვით, შადრევანში ელექტროძრავიდან გამომავალი წყლის მილები უჟანგავი კონსტრუქციით შეფუთეს. თუ გამოძიებას დავეყრდნობით, სწორედ ამ სამუშაოების დროს დაირღვა უსაფრთხოების ნორმა და სადენი დაზიანდა, თუმცა როგორც დღეს ხდება ცნობილი, მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ მითითებული სამუშაოები შემოწმების გარეშე ჩაიბარა. გამოძიების მიხედვით, გაყალბებას ჰქონდა ადგილი იმ ექსპერტიზის დასკვნაშიც, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხის შესამოწმებლად ჩატარდა და რომლის საფუძველზე თბილისის მერიამ ვაკის პარკის ახლად რეაბილიტირებული შადრევანი ჩაიბარა.