„ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს, საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ეუთო/ოდირს დამკვირვებლების გამოშვებისთვის მიმართოს. თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის მიმართ მოწვევის გაგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა. მისი თქმით, სწორედ ამ მოწვევის საფუძველზე ხდება მთავარი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ფორმირება და გამოგზავნა საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით.
„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ. უწყების განცხადებით, სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები ხელოვნურად ახდენენ საკითხის პოლიტიზებას. „2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში, რომელიც ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ ჯერ კიდევ გასული წლის 27 ნოემბერს დამტკიცდა და რომელიც საჯაროა და ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე. გეგმაში, რომელიც უზრუნველყოფს ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ანგარიშში საქართველოსთვის განსაზღვრული რეკომენდაციების განხორციელებას, დეტალურად არის გაწერილი ის ქმედებები და ვადები, რასაც ხელისუფლება მიმართავს ქვეყანაში თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენციანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად. სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები ამჯერადაც ხელოვნურად ახდენენ აღნიშნული საკითხის პოლიტიზებას და შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.