„თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა პარლამენტში გადაინაცვლოს.
საპარლამენტო უმცირესობა ბანკის დამფუძნებლებს საკანონმდებლო ორგანოში მისვლას და 11 წლის წინანდელ საბანკო ტრანზაქციაზე დეპუტატებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას სთავაზობს. მამუკა ხაზარაძე წინადადებას თანხმდება, თუმცა ჯერ უცნობია, მიიღებს თუ არა შეთავაზებას ეროვნული ბანკი, რომელიც პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფონზე სამეთვალყურეო საბჭოდან „თიბისის“ დამფუძნებლების გადაყენებას ითხოვს.
როგორც ირკვევა, ოპოზიციასთან ერთად მთავარი საგამოძიებო უწყების მიმართ კითხვები აქვს მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატსაც. გუშინდელი პირველი საჯარო განმარტებების დროს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს სახელმწიფო უწყებების მიმართ მწვავე განცხადებები არ გაუკეთებიათ. თუმცა რადიკალურად გასხვავებულია იმ წერილის შინაარსი, რომელიც მათი სახელით დღეს არაოფიციალურად გავრცელდა.