რეზონანსული აღმოჩნდა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მოსმენა პარლამენტში.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მათ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაზე დეპუტატების კითხვებს ოთხი საათის განმავლობაში პასუხობდნენ. ხაზარაძე შინაგან საქმეთა მინისტრს მუქარისშემცველი წერილის გაგზავნაში ადანაშაულებს და მისი გასაჯაროებით იმუქრება.
„თიბისის“ დამფუძნებელს პრეტენზიები აქვს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთანაც, რომელსაც შანტაჟში სდებს ბრალს და მისი პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.
ნახსენები წერილის შინაარსი დღეს არ დაკონკრეტებულა. ამ თემაზე ხაზარაძეს საუბარი პროკურატურაში მოუწევს, რომელიც მის გამოკითხვას გეგმავს. მანამდე კი ოპოზიცია „თიბისის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს, რასაც ბანკის დამფუძნებლებიც ეთანხმებიან.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ვრცლად ისაუბრეს, რა პროცესები უძღოდა წინ მათ წინააღმდეგ ფულის გათეთრების მუხლით საქმის აღძვრას და დგას თუ არა ანაკლიის პორტის პროექტი საფრთხის ქვეშ.