„დაბრუნება საქართველოში, სადაც სტუმარი ღვთისაა“ – ამ სათაურით საქართველოს შესახებ 20-გვერდიან სტატიას აქვეყნებს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Financial Times-ი. სტატიაში დეტალურად არის საუბარი ქართული კულტურის, ტრადიციების, ტურისტული ადგილების, ღვინის, კულინარიის შესახებ, მოთხრობილია სტუმართმოყვარეობასა და სვანეთში გამართულ ფრირაიდის მსოფლიო ტურზე.
„ევროპიდან საქართველოში ფრენისას ალბათ თვალი შეგივლიათ კავკასიონის მთებისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში დათოვლილია, თვითმფრინავის მეორე მხარეს შავი ზღვა მოჩანს. მივყვებით მთებს, რომელიც თბილისამდე მეგზურობას გვიწევს. ევროპის და აზიის საზღვარზე მდებარეობიდან გამომდინარე საქართველოს წარსული სირთულეებთან არის დაკავშირებული“, – სტატიის ავტორი საქართველოში მოგზაურობისას აღწერს თბილისს, ქალაქის ცხოვრების სტილს, დედაქალაქის ისტორიულ უბნებს და კულტურას. თბილისთან ერთად The Financial Times-ის სტატიაში აღწერილია სვანეთი, მესტია, უშგული, ჰაწვალი, თეთნულდი, თუშეთი, ყაზბეგი, ქუთაისი, კახეთი და საქართველოს სხვა კუთხეები, ტურისტულად საინტერესო ადგილები, ღვინის მომზადება და სამზარეულო.